ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2023 დასრულდა. რიგით მესამე აგროოლიმპიადის გამარჯვებულები, საზეიმო ღონისძიებაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში მამუკა მესხმა და ავსტრიის საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდერ კარნერმა დააჯილდოვეს. ასევე გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადასცეს ოლიმპიადის პარტნიორებმა და სპონსორებმა.

აგროოლიმპიადა 2023-ში 870 კონკურსანტი მონაწილეობდა. ორეტაპიანი ტესტირების შედეგად, ოთხ კატეგორიაში (სპეციალისტი, სტუდენტი, ფერმერი, მოსწავლე), ექვსი საკონკურსო მიმართულებით (აგრონომია, ვეტერინარია-მეცხოველეობა, მევენახეობა-მეღვინეობა, სასურსათო ტექნოლოგია, მექანიზაცია, სატყეო საქმე), 39 გამარჯვებული გამოვლინდა.

ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2021 წლიდან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით იმართება. ოლიმპიადის კონცეფციის ავტორია სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია (ADA).

აგრარული ოლიმპიადის პარტნიორია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.