ეროვნულ აგრარულ ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე ფერმერებს, რომელთაც შესაძლოა არ გააჩნიათ აკადემიური ხარისხი, მაგრამ ჩართულნი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ხანგრძლივი პრაქტიკის შედეგად დაგროვილი აქვთ საჭირო ცოდნა და გამოცდილება.

ფერმერებისათვის ეროვნული აგრარული ოლიმპიადა-2020 ჩატარდება შემდეგ დარგებში:

  • აგრონომია - მცენარეთა მავნებელ-დაავადებების ამოცნობა, წამლობების ჩატარება, ნიადაგის განოყიერება-სასუქების შეტანა, ბიომეურნეობა.
  • ვეტერინარია - ცხოველთა ანატომია და ფიზიოლოგია, მრპ-ის, ფრინველის, ღორის და ცხვრის დაავადებები - იდენტიფიკაცია, პროფილაქტიკა, მკურნალობა.
  • ღვინის ტექნოლოგია - ღვინის ტექნოლოგია, ღვინის დაყენების მეთოდები ვენახის მოცემულობის და აგრო-კლიმატური პირობების გათვალისწინებით; ღვინის დამუშავება და ჩამოსხმა. ღვინის მიკრობიოლოგია, ენოქიმია, მეღვინეობის რეგიონები, და ვაზის ჯიშები, ყურძნისა და ღვინის ხარისხის ქიმიურ-ტექნოლოგიური კონტროლი.
  • მექანიზაცია - სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის კლასიფიკაცია და ფუნქციონირების ძირითადი საბაზისო საკითხები.
  • სასურსათო ტექნოლოგია - კვების პროდუქტების ბიოქიმია და მიკრობიოლოგია, ხარისხის კონტროლის მეთოდები, სურსათის უვნებლობა.
  • მეტყევეობა - ტყის ბიომრავალფეროვნება და მისი დაცვა, ხელოვნური ნარგავების გაშენებისა და მართვის საკითხები, მავნე ორგანიზმების იდენტიფიცირება, ნადირობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო საკითხები.

თითოეულ ჩამოთვლილ დარგში ცალკეულად გამოვლინდებიან გამარჯვებული ფერმერები. ოლიმპიადისათვის განსაზღვრული დარგებიდან სავარაუდოდ, ფერმერებისათვის ყველაზე აქტუალური და საინტერესო იქნება აგრონომიის დარგის შერჩევა. თუმცა ფერმერებს შეუძლიათ აირჩიონ ასევე სხვა დარგებიც.

ოლიმპიადის ფარგლებში ფერმერის კონკურენტი იქნება მხოლოდ ფერმერი და არა სპეციალისტი, ან სტუდენტი.

ოლიმპიადაში გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული ფერმერები მიიღებენ სხვადასხვა სახის ფასიან ჯილდოებს. გარდა ამისა, როგორც პროექტის ორგანიზატორები, ასევე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფენ გამარჯვებული ფერმერების პოპულარიზაცია-წარმოჩენას ქვეყნის მასშტაბით.

ფერმერებთან მიმართებაში ეროვნული აგრარული ოლიმპიადა - 2020-ის მთავარი მიზანია საკუთარი საქმის და მეურნეობის კარგად მცოდნე ქართველი ფერმერების წარმოჩენა-პოპულარიზაცია და მათი ხელშეწყობა, რაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვან დადებით ზეგავლენას მოახდენს მათ მიერ წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციის პროცესზე.

ოლიმპიადაში მონაწილეობის წესების შესახებ ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია მოცემულ ბმულზე.