ეროვნული აგრო-ოლიმპიადის, როგორც პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი კომპონენტია კვალიფიციური და აქტუალურ საკითხებზე ორიენტირებული ტესტები. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ტესტებმა უზრუნველყოს ოლიმპიადაში მონაწილე პირების პროფესიული ცოდნის სწორი და მაქსიმალურად ზუსტი გამოვლენა-რანგირება, დასაქმების ბაზრისათვის პრიორიტეტულ სასოფლო-სამეურნეო დარგებში.

ტესტების ავტორ ორგანიზაციას, „სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციას“ აგრარული სფეროს სპეციალისტების პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასების მიმართულებით განხორციელებული აქვს შემდეგი სახის კვლევები და აქტივობები:

  • 2016 წელს USAID-SEAS პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის მიერ შეიქმნა პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება-გაძლიერებაზე ორიენტირებული აგრო-ტესტირების პროგრამა. იგი მოიცავს 2500-ზე მეტ ტესტ-კითხვას სოფლის მეურნეობის 12 დარგში. იგი გადაეცა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. აღნიშნული პროგრამის გამოყენებით გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეუძლია როგორც არსებული თანამშრომლების პროფესიული განვითარების პროცესის-პროგრესის შეფასება, ასევე ახალი კადრების აყვანისას მათი პროფესიული ცოდნის შემოწმება.
  • 2017 წელს USAID-REAP პროექტის მხარდაჭერით ორგანიზაციამ შექმნა აგროტესტირების ღია პლატფორმა, რომელიც აერთიანებს 1000-ზე მეტ ტესტ-კითხვას სოფლის მეურნეობის 12 პრიორიტეტულ დარგში. პლატფორმა ორიენტირებულია აგრარულ დარგებში ცოდნის გაღრმავებასა და დემონსტრირებაზე.
  • 2018 წელს ENPARD II პროექტის ფარგლებში განხორციელდა საჯარო მოხელეთა სატრენინგო საჭიროებათა კვლევა, ორგანიზაციის პლატფორმის საშუალებით. კვლევის ფარგლებში ქვეყნის 54-ვე მუნიციპალიტეტში მომუშავე ამ სამინისტროს სპეციალისტებს (254 სპეციალისტი) ჩაუტარდათ ტესტირება სოფლოს მეურნეობის 14 დარგში. ტესტირების შედეგების მიხედვით, დადგენილი იქნა თითოეული სამსახურისათვის საჭირო ტრენინგების თემატიკა. ტესტირებაში გამოყენებული ტესტ-კითხვები (2850 ტესტ-კითხვა) ორგანიზაციის ექსპერტების მიერ იქნა შედგენილი. ტესტირების შედეგები და საჭირო პრიორიტეტული სატრენინგო თემატიკის ჩამონათვალი გადაეცა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
  • 2019 წელს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროექტის („პროფესიული განათლებისა და ექსტენციის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“) ფარგლებში, სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის მიერ ჩატარდა ფერმერთა სატრენინგო საჭიროებათა კვლევა საქართველოს სამ რეგიონში (რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამცხე ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი). კვლევის მიმდინარეობისას გამოყენებული იქნა აგრო-ტესტირების პლატფორმაში არსებული სტატისტიკური მონაცემები ტესტ-კითხვები.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში განხორციელებული კვლევები და პროექტები წარმოადგენს ეროვნული აგრო-ოლიმპიადის პროექტის მოსამზადებელ ფაზებს, რადგან პარალელურად მიმდინარეობდა ოლიმპიადის კონცეფციის ფორმირება-კორექცია და მისი გაცნობა პარტნიორი ორგანიზაციებისათვის.

მოცემულ ეტაპზე დაწყებულია ტესტების ფორმირება ეროვნული აგრო-ოლიმპიადისათვის იდენტიფიცირებულ სასოფლო-სამეურნეო დარგებში.