ვის შეუძლია ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება?

ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, აგრარული დარგის სპეციალისტებს, ფერმერებს, სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ლინკზე: http://www.agroolimpiada.ge/ka/page/rules

როგორია დარეგისტრირების პროცედურა ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთათვის?

ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულად მოცემულ ლინკზე: http://www.agroolimpiada.ge/register

რეგისტრაციის პროცესში მნიშვნელოვანია, სწორი და სრული ინფორმაციის მითითება თითოეულ ველში. იმ შემთხვევაში თუ მონაწილე არასწორად, ან არასრულად შეავსებს რეგისტრაციის ფორმას, მისი პროფილი გაუქმდება და პროფილის გაუქმების მიზეზების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიწოდებული იქნება იმ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, რომელსაც მონაწილე მიუთითებს რეგისტრაციისას.

რეგისტრაციის შედეგად იქმნება მონაწილის პროფილი, სადაც მონაწილეს შეუძლია შეცვალოს სხვადასხვა სახის ინფორმაცია და მონაცემები მის შესახებ (აირჩიოს და შეცვალოს ოლიმპიადის დარგი,  რომელშიც სურს მონაწილეობა, ატვირთოს ფოტოსურათი და ა.შ.). ვერ შეიცვლება მხოლოდ მონაწილის მიერ რეგისტრაციის პროცესში არჩეული კატეგორია. ამიტომ გადაწყვეტილება კატეგორიის შერჩევის შესახებ მონაწილემ უნდა მიიღოს რეგისტრაციის პროცესში და განსაზღვროს, რომელ კატეგორიაში სურს მონაწილეობის მიღება (სპეციალისტი, ფერმერი, სტუდენტი თუ მოსწავლე) ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ სტუდენტების კატეგორიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ პირებს, ვისაც ოლიმპიადაზე რეგისტრაციის პროცესში გააჩნია სტუდენტის სტატუსი. მოსწავლეთა კატეგორიაში კი ოლიმპიადაზე მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ მოსწავლეებს, ანუ 18 წლამდე ასაკის პირებს - პროფილური კოლეჯების, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს.

იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე გადაწყვეტს კატეგორიის შეცვლას და მოისურვებს სპეციასლისტის კატეგორიიდან ფერმერის კატეგორიაში გადასვლას, ან პირიქით - საჭიროა შესაბამისი თხოვნის შემცველი წერილის გამოგზავნა მოცემულ ელ-ფოსტაზე: agro.olimpiada@gmail.com

რა დარგებში ტარდება ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2020?

სპეციალისტებისა და სტუდენტებისათვის ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2020 ტარდება შემდეგ სასოფლო-სამეურნეო დარგებში:

აგრონომია - ტესტებისათვის განსაზღვრული საგნები/თემატიკა: ფიტოპათოლოგია, ენტომოლოგია, მცენარეთა ქიმიური დაცვა, ნიადაგის განოყიერება-აგროქიმია, ბიომეურნეობა.

ვეტერინარია - ტესტებისათვის განსაზღვრული საგნები/თემატიკა: ცხოველთა ანატომია და ფიზიოლოგია, მრპ-ის, ფრინველის, ღორის და ცხვრის დაავადებები - იდენტიფიკაცია, პროფილაქტიკა, მკურნალობა.

ღვინის ტექნოლოგია - ტესტებისათვის განსაზღვრული საგნები/თემატიკა: ღვინის ტექნოლოგია, ღვინის დაყენების მეთოდები ვენახის მოცემულობის და აგრო-კლიმატური პირობების გათვალისწინებით; ღვინის დამუშავება და ჩამოსხმა. ღვინის მიკრობიოლოგია, ენოქიმია, მეღვინეობის რეგიონები, და ვაზის ჯიშები, ყურძნისა და ღვინის ხარისხის ქიმიურ-ტექნოლოგიური კონტროლი.

სასურსათო ტექნოლოგია - ტესტებისათვის განსაზღვრული საგნები/თემატიკა: კვების პროდუქტების ბიოქიმია და მიკრობიოლოგია, ხარისხის კონტროლის მეთოდები, სურსათის უვნებლობა;

მექანიზაცია - ტესტებისათვის განსაზღვრული საგნები/თემატიკა: სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის კლასიფიკაცია და ფუნქციონირების ძირითადი საბაზისო საკითხები.

მეტყევეობა - ტესტებისათვის განსაზღვრული საგნები/თემატიკა: ტყის ბიომრავალფეროვნება და მისი დაცვა, ხელოვნური ნარგავების გაშენებისა და მართვის საკითხები, მავნე ორგანიზმების იდენტიფიცირება, ნადირობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო საკითხები.

ფერმერებისათვის ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2020 ტარდება შემდეგ დარგებში:

  1. მევენახეობა;
  2. მებოსტნეობა;
  3. მეხილეობა;
  4. ბიომეურნეობა

სკოლის მოსწავლეებისათვის ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2020 ტარდება შემდეგ დარგებში:

  1. ბიომრავალფეროვნება;
  2. ეკოლოგია;
  3. მეფუტკრეობა;
  4. მებოსტნეობა;
  5. მეხილეობა;
  6. მეცხოველეობა.

როგორ განხორციელდა დარგების შერჩევა ოლიმპიადისათვის?

ოლიმპიადისათვის დარგების შერჩევა განხორციელდა "სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია" და მისი პარტნიორების მიერ, შრომის ბაზრის სექტორში განხორციელებული კვლევების საფუძველზე, საგანმანათლებლო და ბიზნეს-სექტორებთან მჭიდრო თანამშრომლობით. კვლევის მიზანი იყო ნაციონალურ შრომის ბაზარზე ყველაზე აქტუალური აგრარული დარგების (პროფესიული კომპეტენციების) იდენტიფიცირება. შესაბამისად ოლიმპიადისათვის შერჩეული იქნა ამჟამად შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი სასოფლო-სამეურნეო დარგები და პროფესიული კომპეტენციები.

ვინ ატარებს ოლიმპიადას?

ეროვნული აგრარული ოლიმპიადის კონცეფცია შემუშავებულია ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია“ მიერ. მოცემულ ეტაპზე ოლიმპიადა ტარდება გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADS) და სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით. გარდა ამისა, პროექტის პარტნიორები არიან:  USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა, ავსტრიის განვითარების სააგენტოს პროექტი, მწვანე ეკონომიკა: მდგრადი მთის ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA), გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).

ვინ ადგენს ტესტებს ოლიმპიადისათვის?

ოლიმპიადისათვის განსაზღვრული ტესტები შედგენილიასოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის მიერ“, შესაბამისი დარგების ექსპერტებთან თანამშრომლობით.  

ტესტები შემუშავდა შესაბამისი ფუნდამენტური სამეცნიერო ლიტერატურის და ბენეფიციარი სექტორების მიერ წარმოებული სპეციფიკური ლიტერატურული მასალების გამოყენებით.

ტესტების შემუშავებაში გამოყენებული ძირითადი ლიტერატურის სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  http://www.agroolimpiada.ge/ka/page/Literature

როგორ გამოვლინდებიან გამარჯვებულები?

ოლიმპიადა ჩატარდება სამ ძირითად ეტაპად:

პირველი ეტაპი წარმოადგენს ინტერესთა გამოხატვისა და რეგისტრაციის ფაზას. მიზნობრივ აუდიტორიას საშუალება ექნება მიიღოს და გაეცნოს ინფორმაციას ტესტირების წესების, მოთხოვნებისა და პირობების შესახებ. შემდგომში ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს ექნება საშუალება დარეგისტრირდეს სპეციალურ პლატფორმაზე (ვებგვერდი). ასევე მნიშვნელოვანია ყველა მონაწილემ მიუთითოს საკუთარი სტატუსი რეგისტრაციის მომენტისათვის: ფერმერი, სტუდენტი,  ექსპერტი/სპეციალისტი.

მეორე ეტაპზე ტესტირება ჩატარდება დისტანციურად, ონლაინ-პლატფორმის საშუალებით. დარეგისტრირებული მონაწილეები გაივლიან ტესტირებას მათ მიერ წინასწარ შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო დარგებში. მეორე ეტაპის შემდგომ, შეირჩევა მინიმუმ 10 საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილე, თითოეული სატესტო დარგის მიხედვით.

მესამე ეტაპზე ტესტირება ჩატარდება კონკრეტულ ლოკაციაზე ან ლოკაციებზე არადისტანციურად. იგი შეიძლება ჩატარდეს როგორც ელექტრონულად, სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის მიერ შექმნილი აგროტესტირების პლატფორმის გამოყენებით, ასევე დაბეჭდილი ტესტებით.

საბოლოო გამარჯვებულები დარგების მიხედვით გამოვლინდებიან დაგროვებული ქულათა რაოდენობის მიხედვით. სულ გამოვლინდება 3 (I; II; III)  გამარჯვებული მონაწილე თითოეულ დარგში მითითებული სტატუსის შესაბამისად (სპეციალისტი/ექსპერტი, სტუდენტი, ფერმერი).

გარდა ამისა, შედგება რეიტინგი, სადაც ათივე მონაწილე იქნება წარმოდგენილი და თითოეული მათგანი რეიტინგში ადგილს დაიკავებს მის მიერ მეორე ტესტირებაში დაგროვილი ქულების მიხედვით.

რამდენი ტესტია თითოეულ დარგში?

თითოეულ დარგში შედგენილია 3 ტესტი, საიდანაც პირველი ტესტი გამოყენებული იქნება პირველ ტურში, მეორე ტესტის გამოყენება მოხდება მეორე ტურში, ხოლო მესამე ტესტი კი სარეზერვოა და მისი გამოყენების საჭიროება დადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტურის ტესტირების შედეგად ორი ან მეტი მონაწილე დააგროვებს ქულათა თანაბარ რაოდენობას.

სად შეიძლება ვიხილოთ ტესტების ნიმუშები?

ტესტების ნიმუშების შესწავლის და ტესტირებაში ვარჯიშის საშუალებას იძლევა მოცემული საიტი. ტესტების სანახავად და სავარჯიშო ტესტირების გასავლელად დააკლიკეთ საიტის მარცხენა კუთხეში, სიტყვებზე „სავარჯიშო ტესტირება“ აირჩიეთ დარგი და გაიარეთ ტესტირება.

გარდა ამისა, ოლიმპიადის დაწყებამდე ჩატარდება რამდენიმე რეპეტიცია ტესტირებაში. რეპეტიციაში მონაწილეობის მიღება მონაწილეებს დაეხმარება უშუალოდ ოლიმპიადის პირველ ტურზე არსებული წესების უკეთ შესწავლასა და პროცესზე ადაპტირებაში. რეპეტიციების თარიღების შესახებ ინფორმაცია გავრცელდება მოცემული საიტის და „სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის“ სოციალური მედიის საშუალებით. გარდა ამისა რეპეტიციებთან დაკავშირებით დარეგისტრირებული მონაწილეები ინფორმაციას მიიღებენ რეგისტრირების პროცესში მათ მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტების მისამართებზე.  

ვის მივმართოთ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად?

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ელ-ფოსტა: agro.olimpiada@gmail.com

ტელეფონის ნომერი: +995 596-20-55-99