ეროვნულ აგრარულ ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე სპეციალისტებს, რომელთაც მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება ოლიმპიადისათვის განსაზღვრულ საგნებში/დარგებში. 

სპეციალისტებისათვის ეროვნული აგრარული ოლიმპიადა-2020 ჩატარდება შემდეგ დარგებში-ნომინაციებში:

  • აგრონომია - ფიტოპათოლოგია, ენტომოლოგია, მცენარეთა ქიმიური დაცვა, ნიადაგის განოყიერება-აგროქიმია, ბიომეურნეობა.
  • ვეტერინარია-მეცხოველეობა - მოცემულ ნომინაციაში ვეტერინარიის დარგში კითხვები წარმოდგენილი იქნება შემდეგი სასწავლო დისციპლინებიდან: ცხოველთა ანატომია და ფიზიოლოგია, მრპ-ის, ფრინველის, ღორის და ცხვრის დაავადებები - იდენტიფიკაცია, პროფილაქტიკა, მკურნალობა. ხოლო მეცხოველეობის დარგში კი კითხვები მოცემულია ცხოველთა კვების, მომშენებლობის, მეცხვარეობის, მეფრინველეობის, მეძროხეობის და მეღორეობის სფეროებიდან.  
  • ღვინის ტექნოლოგია - ღვინის ტექნოლოგია, ღვინის დაყენების მეთოდები ვენახის მოცემულობის და აგრო-კლიმატური პირობების გათვალისწინებით; ღვინის დამუშავება და ჩამოსხმა. ღვინის მიკრობიოლოგია, ენოქიმია, მეღვინეობის რეგიონები, და ვაზის ჯიშები, ყურძნისა და ღვინის ხარისხის ქიმიურ-ტექნოლოგიური კონტროლი.
  • მექანიზაცია - სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის კლასიფიკაცია და ფუნქციონირების ძირითადი საბაზისო საკითხები.
  • სასურსათო ტექნოლოგია - კვების პროდუქტების ბიოქიმია და მიკრობიოლოგია, ხარისხის კონტროლის მეთოდები, სურსათის უვნებლობა.
  • მეტყევეობა - ტყის ბიომრავალფეროვნება და მისი დაცვა, ხელოვნური ნარგავების გაშენებისა და მართვის საკითხები, მავნე ორგანიზმების იდენტიფიცირება, ნადირობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო საკითხები.

თითოეულ ჩამოთვლილ დარგში ცალკეულად გამოვლინდებიან გამარჯვებული სპეციალისტები.

ეროვნული აგრარული ოლიმპიადის მონაწილე სპეციალისტებს ეძლევათ საშუალება წარმოაჩინონ პროფესიული ცოდნა ყველაზე აქტუალურ და მოთხოვნად სასოფლო-სამეურნეო დარგებში.

ოლიმპიადის ფარგლებში სპეციალისტის კონკურენტი იქნება მხოლოდ სხვა სპეციალისტი და არა ფერმერი, ან სტუდენტი.

ოლიმპიადაში გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული სპეციალისტები მიიღებენ სხვადასხვა სახის ფასიან ჯილდოებს. გარდა ამისა, როგორც პროექტის ორგანიზატორები, ასევე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფენ გამარჯვებული სპეციალისტების პოპულარიზაცია-წარმოჩენას ქვეყნის მასშტაბით.

სპეციალისტებთან მიმართებაში ეროვნული აგრარული ოლიმპიადა - 2020-ის მთავარი მიზანია ქვეყანაში მცხოვრები ძლიერი პროფესიონალების წარმოჩენა-პოპულარიზაცია  და მათი ხელშეწყობა, რაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვან დადებით ზეგავლენას მოახდენს სპეციალისტების შემდგომი კარიერული განვითარების პროცესზე.

ოლიმპიადაში მონაწილეობის წესების შესახებ ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია მოცემულ ბმულზე.