ეროვნულ აგრარულ ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უნივერსიტეტების და პროფესიული კოლეჯების სტუდენტებს (პიროვნებას, რომელიც იღებს განათლებას სოფლის მეურნეობის დარგში და აქვს ბაკალავრიატის სტუდენტის სტატუსი ოლიმპიადის პლატფორმაზე რეგისტრაციის მომენტში). 

სტუდენტებისათვის ეროვნული აგრარული ოლიმპიადა-2023 ჩატარდება შემდეგ დარგებში:

აგრონომია - ფიტოპათოლოგია, ენტომოლოგია, მცენარეთა ქიმიური დაცვა, ნიადაგის განოყიერება-აგროქიმია, ბიომეურნეობა.

ვეტერინარია/მეცხოველეობა - ცხოველთა ანატომია და ფიზიოლოგია, მრპ-ის, ფრინველის, ღორის და ცხვრის დაავადებები - იდენტიფიკაცია, პროფილაქტიკა, მკურნალობა.

ღვინის ტექნოლოგია - ღვინის ტექნოლოგია, ღვინის დაყენების მეთოდები ვენახის მოცემულობის და აგრო-კლიმატური პირობების გათვალისწინებით; ღვინის დამუშავება და ჩამოსხმა. ღვინის მიკრობიოლოგია, ენოქიმია, მეღვინეობის რეგიონები, და ვაზის ჯიშები, ყურძნისა და ღვინის ხარისხის ქიმიურ-ტექნოლოგიური კონტროლი.

მექანიზაცია - სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის კლასიფიკაცია და ფუნქციონირების ძირითადი საბაზისო საკითხები.

სასურსათო ტექნოლოგია - კვების პროდუქტების ბიოქიმია და მიკრობიოლოგია, ხარისხის კონტროლის მეთოდები, სურსათის უვნებლობა.

მეტყევეობა - ტყის ბიომრავალფეროვნება და მისი დაცვა, ხელოვნური ნარგავების გაშენებისა და მართვის საკითხები, მავნე ორგანიზმების იდენტიფიცირება, ნადირობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო საკითხები.

თითოეულ ჩამოთვლილ დარგში ცალკეულად გამოვლინდებიან გამარჯვებული სტუდენტები.

ეროვნული აგრარული ოლიმპიადის მონაწილე სტუდენტებს ეძლევათ საშუალება წარმოაჩინონ პროფესიული ცოდნა ყველაზე აქტუალურ და მოთხოვნად სასოფლო-სამეურნეო დარგებში.

ოლიმპიადის ფარგლებში სტუდენტის კონკურენტი იქნება მხოლოდ სხვა სტუდენტი და არა სპეციალისტი, ან ფერმერი

ოლიმპიადაში გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული სტუდენტები მიიღებენ სხვადასხვა სახის ფასიან ჯილდოებს. გარდა ამისა, როგორც პროექტის ორგანიზატორები, ასევე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფენ გამარჯვებული სტუდენტების პოპულარიზაცია-წარმოჩენას ქვეყნის მასშტაბით.

სტუდენტებთან მიმართებაში ეროვნული აგრარული ოლიმპიადა - 2023-ის მთავარი მიზანია მაღალი აკადემიური მოსწრების და წარმატებული სტუდენტების წარმოჩენა-პოპულარიზაცია  და მათი ხელშეწყობა, რაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვან დადებით ზეგავლენას მოახდენს სტუდენტების შემდგომი კარიერული განვითარების პროცესზე.

ოლიმპიადაში მონაწილეობის წესების შესახებ ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია მოცემულ ბმულზე.