ეროვნულ აგრარულ ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე ფერმერებს, რომელთაც შესაძლოა არ გააჩნიათ აკადემიური ხარისხი, მაგრამ ჩართულნი არიან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ხანგრძლივი პრაქტიკის შედეგად დაგროვებული აქვთ საჭირო ცოდნა და გამოცდილება.

ფერმერებისათვის განკუთვნილი ტესტები აერთიანებს შემდეგ სასოფლო-სამეურნეო დარგებს:

  • მევენახეობა - ვაზის გაშენების, მოვლის და მავნე ორგანიზმებისაგან დაცვის საკითხები;
  • მეხილეობა - ხეხილოვანი კულტურების მოვლა, გაშენება, მავნე ორგანიზმებისაგან დაცვა, ჯიშები..;
  • მებოსტნეობა - ბოსტნეულ კულტურათა მოვლა-მოყვანის წესები;
  • ბიომეურნეობა - ორგანული სოფლის მეურნეობის ძირითადი პრინციპები

ფერმერებისათვის განსაზღვრული ტესტი შედგება 45 ტესტ-კითხვისაგან, სადაც წარმოდგენილი იქნება მარტივი, საშუალო და რთული კატეგორიის კითხვები ზემოთ აღნიშნულ სასოფლო-სამეურნეო დარგებში. 

გასათვალისწინებელია, რომ ფერმერებისათვის ოლიმპიადა ტარდება არა ზემოთ ჩამოთვლილ ცალკეულ დარგებში, არამედ ერთობლივად, რაც ნიშნავს იმას, რომ ოლიმპიადის პირველი და მეორე ტურისათვის განსაზღვრულ თითოეულ ტესტში შედის ტესტ-კითხვები როგორც მევენახეობის, ასევე მეხილეობის, მებოსტნეობის და ბიომეურნეობის მიმართულებით 

ოლიმპიადაში გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული ფერმერები მიიღებენ სხვადასხვა სახის ფასიან ჯილდოებს. გარდა ამისა, როგორც პროექტის ორგანიზატორები, ასევე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფენ გამარჯვებული ფერმერების პოპულარიზაცია-წარმოჩენას ქვეყნის მასშტაბით.

ფერმერებთან მიმართებაში ეროვნული აგრარული ოლიმპიადა - 2020-ის მთავარი მიზანია საკუთარი საქმის და მეურნეობის კარგად მცოდნე ქართველი ფერმერების წარმოჩენა-პოპულარიზაცია და მათი ხელშეწყობა, რაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვან დადებით ზეგავლენას მოახდენს მათ მიერ წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციის პროცესზე.

ოლიმპიადაში მონაწილეობის წესების შესახებ ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია მოცემულ ბმულზე.